Wednesday, June 5, 2013

მოგესალმებით ლოტკინიდან!

  ჩვენ ავედით ლოტკინზე! კიდევ სამი წელი და ჩამოვალთ, დანარჩენ თბილისში გავიფანტებით, ზოგი გაზეთში, ზოგი რადიოში, ზოგიც ტელევიზიაში შევდგამთ ფეხს და იქ ლოტკინზე ნასწავლს გადმოვაფრქვევთ.
 ჩვენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები ვართ. 2013 წლის 5 ივნისს, პირველი სასწავლო წლის მიწურულს, ერთ არაჩვეულებრივ, მზიან დღეს, ნამეტანი მოგვივიდა ცხელი მანათობელის ქვეშ წანწალი, დაგვცხო თავში სხივმა და ა! შედეგი! ბლოგი გავაკეთეთ. გადავწყვიტეთ ჩვენი უნივერსიტეტის თუ კონკრეტულად ჯგუფის ავ-კარგი ვირტუალურ სივრცეშიც ავსახოთ. იმედი გვაქვს მკითხველი, ან ისე, გზააბნეული სტუმარი არ მოგვაკლდება. ჩვენ ძალიან მხიარულები, ნიჭიერები, კომუნიკაბელურები, ცოტა ჭკუაშერყეულები და, რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულში გაფურჩქნილები ვართ (ნუ, ვითომ, ვითომ). 2013 წლის 5 ივნისს ჩვენ დავიბადეთ ძალიან საინტერესო ბლოგზე, ასევე საინტერესო სახელით: ქალი კივა!
ჯგუფის ნომერია 308, სულ 34 ვართ, თუმცა, ცხადია, აქ ყველა ვერ ვიქნებით, სულ რომ არაფერი, განსხვავებულად ვფიქრობთ ყველა და აქ ვიქნებით მხოლოდ ისინი, ვისი ნაფიქრიც ერთმანეთთან ახლოსაა. ბევრ საინტერესო პოსტს შემოგთავაზებთ. იქნება სურათები, ჩვენი ყოველდღიური ყოფა, გამოცდების მტანჯველი კვირები და კიდევ ბევრი სიახლე, რაც ქართულ ბლოგსფეროს არ უნახავს.
P.S. მოგვიანებით ბლოგის სახელის ისტორიასაც აუცილებლად მოგიყვებით. :)

2 comments: