Saturday, June 8, 2013

2012 წლის 17 სექტემბერი

რესტორანი "მწვადიაური"
        ეს პოსტი, ალბათ, მომავალ სტუდენტებსაც დაეხმარებათ, უკვე სტუდენტებს კი იქნებ უნივერსიტეტის პირველი დღეც გაახსენოს.
 სწავლა 17 სექტემბერს დავიწყეთ, ამ დღეს ელოდა ყველა ეროვნულგამოცდებგამოვლილი. პირადად მე (თვითი) დიდი ენთუზიაზმით ვემზადებოდი და რატომღაც მეგონა, რომ პირველივე შეხვედრისას მთელი ჯგუფი დაძმობას შევფიცებდით. 
    უნივერსიტეტთან ჩემი პირველი შეხება ავტობუსის სავარძელი გახლდათ. ჩვენი მწვანე "რაშები" მართლაც რომ ამშვენებენ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსები არც ახალი მოდელებია და არც ყველა სტუდენტს აკმაყოფილებს, მაინც ერთ-ერთ ტკბილ მოგონებად დარჩება ჩემთვის. ახალგაზრდული ფილმების თუ სერიალების ყურებისას ყოველთვის მრჩებოდა თვალი ყვითელ ავტობუსებზე, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ოცნება "თავართქილაძემ" ამისრულა.
  10 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, ჩვენ მთაზე ავედით, დანარჩენ თბილისს გადმოვხედეთ და განსხვავებულ გარემოში აღმოვჩნდით. 
     პირველკურსელები დიდ სააქტო დარბაზში შეგვიყვანეს, სადაც რექტორმა სიტყვით მოგვმართა, შემდეგ კი აუდიტორიებში გაგვანაწილეს.
   როცა პირველ დღეს სახლში დავბრუნდი, იმედგაცრუებულმა სევდიანი ჩანახატი დავწერე დღიურში (ახლა ამაზე ძალიან მეცინება). ვწერდი, რომ ჩემი მომავალი ჯგუფელები უჟმურები იყვნენ  (დღემდე ვერ ვხვდები, რას ველოდი პირველივე დღეს).
შემდეგ თანდათან დავახლოვდით, შეხედულებაც შემეცვალა, მაგრამ სულ მალე ისევ გავუცხოვდით, მერე "სასტავები" შეიცვალა. მოკლედ, იმდენად "რაღაცნაირები" აღმოვჩნდით, რომ რესტორანშიც ვერ მოვახერხეთ სრული შემადგენლობით წასვლა. 
"ქალაქური"
      ორ კვირიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა გადავწყვიტეთ სადმე წავსულიყავით. როგორც აღმოჩნდა ეს "სადმე" არა უბრალოდ ნათქვამი სიტყვა იყო, არამედ ზუსტად განსაზღვრავდა იმ ადგილს, სადაც წავედით. გავედით დიღმის ცნობილ ტრასაზე, დავდიოდით რესტორნიდან რესტორანში, ვეძებდით თავისუფალ მაგიდას, საჩვენო ფასად და ორ საათიანი წვალების შემდეგ აღმოვჩნდით "მწვადიაურში." ვიმხიარულეთ, დავლიეთ, ცუდად გავხდით, მოკლედ საბოლოოდ, მაინც კარგი დღე გამოვიდა. 
  შემდეგ იყო უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი საღამო კლუბ "ქალაქურში." (უნივერსიტეტმა მოაწყო, ფული ჩვენ გადავიხადეთ :ჰეჰე:) ვერც იქ წავედით ყველა. 
  ერთი უცნაური ჯგუფელი გვყავდა, ავთანდილ გოგისვანიძე, რომელიც სახეზე მხოლოდ ერთხელ ვნახეთ, ისიც რამდენიმემ, ჩვენც აღარ გვახსოვს, მაგრამ სახელი და გვარი, ალბათ, ყოველთვის გვემახსოვრება.
      პირველი სემესტრი ისე ჩავამთავრეთ, რომ ერთმანეთის ბოლომდე გაცნობა ვერ მოვახერხეთ, თუმცა ეს, ალბათ, დღემდე ვერ შევძელით და ბუნებრივიცაა. წინასწარ დიდი იმედის დამყარება, ჯერ კიდევ არშემდგარ ურთიერთობაზე, ცუდი დასაწყისია, ამიტომ უკეთესია ყველაფერი თავისთავად მოხდეს.
    პირველ კურსს რამდენიმე კვირაში დავასრულებთ და ურთიერთობების გათბობა ნამდვილად იგრძნობა. უბრალოდ არ გვჯერა, რომ ასე მალე გავიდა ერთი სასწავლო წელი. ეს სემესტრიც გავა და შემდეგ უკეთესად შევაფასებთ გასულ წელს. თუმცა მანამდე გამოცდების კვირები გველის. :)

No comments:

Post a Comment