Friday, September 6, 2013

მეორე კურსელები ვართ!!!

  ახლა ღამეა, პირველი ხდება, რაღაც ნოსტალგია შემომაწვა, ერთ დროს ბედნიერი, ხალხის სტუმრობით გახარებული, პოპულარობის ზენიტში მყოფი ბლოგი გავიხსენე. რა ჩანაფიქრი გვქონდა და რა გავაკეთეთ. თავიდან რომ ვწერდი, ბოლომდე საქმის კარგად მიყვანა გვიჭირს-მეთქი, ახლა ხომ ხვდები მკითხველო, რომ მართალი ვიყავი?
  მაგრამ, არა! ნამდვილად არ ვაპირებთ დანებებას. ბოლოს და ბოლოს საქართველოს ნაკრები არ დანებდა, საფრანგეთთან ქულის მოპოვება მოახერხა და ჩვენ ვინ ვართ, რომ ხელი ჩავიქნიოთ.
  მოკლედ, ერთ კვირაში სწავლა დაგვეწყება, ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ახალი იდეებით დახუნძლულები (იმედს ვიტოვებ) გადავეხვევით ერთმანეთს და ერთად შევქმნით ბლოგის ახალ სიცოცხლეს. უმჯობესია მეტს არაფერს დაგპირდეთ, თუ ვერაფერი მოვახერხეთ, იმედით მაინც არ დაგველოდებით.
  იქამდე კი ზაფხულის სურათებს შემოგთავაზებთ.
ეს თიკაა, ალბათ გახსოვთ, ჯგუფის მხიარულება
ეს მე (თვითი) ვარ,თეონა, აი ის, გოგონა გრძელი თმით, თუმცა უკვე აღარაა გრძელი
ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ გოგონას ხვეული თმით, ანუ ნინის, და მეორე არის ქალბატონი ლანა გოგიაშვილი, რომელიც ასევე ჩვენი ჯგუფელი იყო.

ამ ეტაპზე, გვიან, ღამით მხოლოდ ეს სურათები მოვიპოვე :))

ერთ კვირაში ოფიციალურად მეორე კურსელები გავხდებით =)

Saturday, June 8, 2013

2012 წლის 17 სექტემბერი

რესტორანი "მწვადიაური"
        ეს პოსტი, ალბათ, მომავალ სტუდენტებსაც დაეხმარებათ, უკვე სტუდენტებს კი იქნებ უნივერსიტეტის პირველი დღეც გაახსენოს.
 სწავლა 17 სექტემბერს დავიწყეთ, ამ დღეს ელოდა ყველა ეროვნულგამოცდებგამოვლილი. პირადად მე (თვითი) დიდი ენთუზიაზმით ვემზადებოდი და რატომღაც მეგონა, რომ პირველივე შეხვედრისას მთელი ჯგუფი დაძმობას შევფიცებდით. 
    უნივერსიტეტთან ჩემი პირველი შეხება ავტობუსის სავარძელი გახლდათ. ჩვენი მწვანე "რაშები" მართლაც რომ ამშვენებენ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსები არც ახალი მოდელებია და არც ყველა სტუდენტს აკმაყოფილებს, მაინც ერთ-ერთ ტკბილ მოგონებად დარჩება ჩემთვის. ახალგაზრდული ფილმების თუ სერიალების ყურებისას ყოველთვის მრჩებოდა თვალი ყვითელ ავტობუსებზე, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ოცნება "თავართქილაძემ" ამისრულა.
  10 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, ჩვენ მთაზე ავედით, დანარჩენ თბილისს გადმოვხედეთ და განსხვავებულ გარემოში აღმოვჩნდით. 
     პირველკურსელები დიდ სააქტო დარბაზში შეგვიყვანეს, სადაც რექტორმა სიტყვით მოგვმართა, შემდეგ კი აუდიტორიებში გაგვანაწილეს.
   როცა პირველ დღეს სახლში დავბრუნდი, იმედგაცრუებულმა სევდიანი ჩანახატი დავწერე დღიურში (ახლა ამაზე ძალიან მეცინება). ვწერდი, რომ ჩემი მომავალი ჯგუფელები უჟმურები იყვნენ  (დღემდე ვერ ვხვდები, რას ველოდი პირველივე დღეს).
შემდეგ თანდათან დავახლოვდით, შეხედულებაც შემეცვალა, მაგრამ სულ მალე ისევ გავუცხოვდით, მერე "სასტავები" შეიცვალა. მოკლედ, იმდენად "რაღაცნაირები" აღმოვჩნდით, რომ რესტორანშიც ვერ მოვახერხეთ სრული შემადგენლობით წასვლა. 
"ქალაქური"
      ორ კვირიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა გადავწყვიტეთ სადმე წავსულიყავით. როგორც აღმოჩნდა ეს "სადმე" არა უბრალოდ ნათქვამი სიტყვა იყო, არამედ ზუსტად განსაზღვრავდა იმ ადგილს, სადაც წავედით. გავედით დიღმის ცნობილ ტრასაზე, დავდიოდით რესტორნიდან რესტორანში, ვეძებდით თავისუფალ მაგიდას, საჩვენო ფასად და ორ საათიანი წვალების შემდეგ აღმოვჩნდით "მწვადიაურში." ვიმხიარულეთ, დავლიეთ, ცუდად გავხდით, მოკლედ საბოლოოდ, მაინც კარგი დღე გამოვიდა. 
  შემდეგ იყო უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი საღამო კლუბ "ქალაქურში." (უნივერსიტეტმა მოაწყო, ფული ჩვენ გადავიხადეთ :ჰეჰე:) ვერც იქ წავედით ყველა. 
  ერთი უცნაური ჯგუფელი გვყავდა, ავთანდილ გოგისვანიძე, რომელიც სახეზე მხოლოდ ერთხელ ვნახეთ, ისიც რამდენიმემ, ჩვენც აღარ გვახსოვს, მაგრამ სახელი და გვარი, ალბათ, ყოველთვის გვემახსოვრება.
      პირველი სემესტრი ისე ჩავამთავრეთ, რომ ერთმანეთის ბოლომდე გაცნობა ვერ მოვახერხეთ, თუმცა ეს, ალბათ, დღემდე ვერ შევძელით და ბუნებრივიცაა. წინასწარ დიდი იმედის დამყარება, ჯერ კიდევ არშემდგარ ურთიერთობაზე, ცუდი დასაწყისია, ამიტომ უკეთესია ყველაფერი თავისთავად მოხდეს.
    პირველ კურსს რამდენიმე კვირაში დავასრულებთ და ურთიერთობების გათბობა ნამდვილად იგრძნობა. უბრალოდ არ გვჯერა, რომ ასე მალე გავიდა ერთი სასწავლო წელი. ეს სემესტრიც გავა და შემდეგ უკეთესად შევაფასებთ გასულ წელს. თუმცა მანამდე გამოცდების კვირები გველის. :)

Friday, June 7, 2013

ნიჭიერი ახალგაზრდები (1)

  საბედნიროდ, დღეს, მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს. ისინი თავიანთი შემოქმედებით იმედს გვიტოვებენ, რომ მომავალში მართლაც უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყანა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მათი ახლოს გაცნობა შეძლოთ. 
  "ნიჭიერი ახალგაზრდების" პირველი სტუმარი თორნიკე ნაროზაული გახლავთ. ის მხოლოდ 19 წლის არის, თუმცა ერთგული მკითხველის შემოკრება უკვე შეძლო. მის შემოქმედებაში რელიგიური და ისტორიული გავლენა იგრძნობა. 
  ის დედოფლისწყაროს რაიონში დაიბადა, თუმცა წარმოშობით ხევსურეთიდანაა. ამჟამად თბილისში ცხოვრობს და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.
თორნიკემ ჩვენს კითხვებს სიხარულით უპასუხა.


- ლექსების წერა რა ასაკიდან დაიწყე?
- ტრადიციულ პასუხს გაგცემთ, - არ მახსოვს. მაგრამ დაახლოებით ორი წლის წინ დავწერე ისეთი ლექსი, რომელიც ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა სხვებსაც წაეკითხათ, წავაკითხე და ასე თუ ისე მოეწონათ.
- ლექსების გავრცელება ინტერნეტით რატომ გადაწყვიტე?
- არ მახსოვს, თავიდან მხოლოდ ახლო მეგობრებს ვუზიარებდი, მათ ვისაც ყოველდღიურად ვერ ვხვდებოდი და მინდოდა წაეკითხათ ჩემი ნაჯღაბნები, მერე ალბათ, რაც უფრო დამეხვეწა წერის სტილი, უცხო ადამიანებიც მამატებდნენ, მეგობრის მეგობრები და შესაბამისად ისინიც კიტხულობდნენ, დღეს, სიმართლე გითხრათ, სულ რამდენიმე ადამიანისთვის ვდებ ლექსებს, ისიც იმიტომ, რომ გავიგო მათი კრიტიკული აზრი, ვარგა თუ არა ლექსი.
- ქუჩაში თუ გცნობენ?
- ნაცნობები თუ მხვდებიან, კი (იცინის). რამდენჯერმე შემხვდა "ფეისბუქის" მეგობარი და მომიკითხა.
- შენი ლექსების გამოცემაზე თუ გიფიქრია?
- რამდენჯერმე შემომთავაზეს, -დაგაფინანსებთ და წიგნი ან ბროშურა გამოეციო, მაგრამ, ვფიქრობ, ჯერ სამაგისოდ ადრეა, პატარები არიან ჩემი ლექსები საწიგნოდ. "ვაჟასაც წიგნი ჰქონდეს და მეცო?" ამას ვპასუხობ ხოლმე ასეთ შემოთავაზებებს.
- ავტობიოგრაფიას (აქ) ვუყურე და მხიარული ადამიანი ჩანხარ, მაგრამ შენი ლექსები დიდი ტკივილით და გრძნობითაა დაწერილი, როცა წერას იწყებ, იცვლები?
- ჰო, საკმაოდ მხიარული ვარ იქ, სადაც მიხარია ყოფნა, მაგრამ ახლობლები მაინც მეუბნებიან, რომ უჟმური და უხასიათო ვარ(იცინის). ხო, ალბათ ასეა, წერას რომ ვიწყებ ვიცვლები. ვწერ მხოლოდ იმას, რაც გულში აღარ მეტევა, სხვა დანარჩენი უბრალო "მაიმუნობაა."
- შენს შემოქმედებაზე განსაკუთრებული გავლენა ვინ მოახდინა?
ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. ერთხელ მოძღვარმა მირჩია (ისიც წერს), კლასიკოსები იკითხე, დაგეხმარება სტილი დახვეწოვო. ალბათ, თუ ვინმეს გავლენა აქვს, პირველ რიგში გალაქტიონს, გრანელს, რემბოს და ცოტ-ცოტა ამაღლობელსაც.
- თანამედროვე პოეზიაზე რა აზრის ხარ?
- ალალად ვიტყვი, მიხარია, რომ გვყავს ამაღლობელი, არაბულები, ხარხელაური, ჭინჭარაული, დოლიძე, აბუსელიძე და კისევ სხვა თანამედროვე პოეტები. ბევრია ისეთი, რომელთაც, პირადად ჩემი აზრით, ურჩევნიათ თავიანთი ნამდვილი მოწოდება იქ ეძებონ სადაც უნდათ, ოღონდ არა - პოეზიაში. მაგრამ უმეტესობა დღეს მაინც ნიჭიერი პოეტი ჰყავს საქართველოს. რაც მთავარია, დღევანდელ პოეზიაში ჭარბობს მებრძოლი სული, რაც, ალბათ, ძველ პოეტებში ასე ჭარბად არ ყოფილა.
- როგორ ფიქრობ, ეს რამ გამოიწვია?
- დრომ, როგორც ილია მართალი წერდა, დღეს სულ სხვა ომია, ახლა ხმლით აღარავინ იბრძვის, ახლა პირდაპირ ჩვენს რწმენას და მორალს ურტყამს მტერი. ხოდა თუ პოეზია ღვთისგან მონიჭებული ნიჭია, ჭეშმარიტი პოეტები სხვა სულით ვერ იქნებიან.
- გამორჩეულად თუ გიყვარს რომელიმე ლექსი?
- ზუსატდ ისიც არ ვიცი, მიყვარს თუ არა ჩემი ლექსები, მაგრამ ყველაზე კარგი მოგონება, ალბათ, იმ ლექსთან მაკავშირებს, პირველად რომ წავუკითხე მეგობრებს, ბრალდება ერქვა, როგორც შევძელი, ისე დავხატე ადამიანის ღმერთისგან გაუცხოება და ალბათ იმ ბრალდების გაგრძელება და დახვეწილი ვარიანტია "დემონური პათოსი."
- აღნიშნე, რომ აბიტურიენტი ხარ, რა პროფესიის დაუფლებას აპირებ?
- ფილოლოგიურზე ვაპირებ ჩაბარებას, ქართული და მსოფლიო ლიტერატურა მაინტერესებს, მაგრამ არ მგონია ეს ჩემს მომავალ პროფესიასთან იყორს კავშირში, თუმცა მომავალზე ნაკლებად ვფიქრობ, როგორც გალაკტიონი ამბობს, "ხვალემ იზრუნოს ხვალისა."
- წერის დროს რაიმე წესს ითვალისწინებ?
- ერთადერთი ვცდილობ რიტმი შევინარჩუნო თუ რიტმიან ლექსს ვწერ.
- როგორ საქართველოში იცხოვრებდი?
- დავითს, თამარს, ვაჟას, ილიას რომ უნდოდათ, ისეთში. თუმცა ამ ნაღმერთალ საქართველოშიც ვცხოვრობ და მიხარია, რომ ქართველი ვარ.
- ახალგაზრდა თაობაზე რას ფიქრობ? შეიცვალა მათი მიდგომა ძველი ფასეულობებისადმი?
- ერთი ლექსი მაქვს, ასე ჰქვია - გროტესკი (ანუ მკვდართა თაობა). მითხრეს, აზვიადებ და პესიმისტი ხარო, მაგრამ იმ ლექსში ვწერდი იმას, რასაც ვხედავ ყოველდღიურად. ჩვენში ყველაზე კარგი კაციც" კი იმდენად უღირსად ( არა ქართველურად, არა კაცურად) ცხოვრობს, "ყველაზე ცუდზე" საუბარს აზრიც აღარ აქვს. ფასეულობებისადმი მიდგომა არაფერს ნიშნავს, ის ფასეულობები ჩვენი რწმენის განშტოებებია, ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა ზოგადად რწმენისადმი და, შესაბამისად, ფასეულობებისადმი.


დემონური პათოსი

ირგვლივ სიმარტოვეა და სურნელი გვამების,
მეზიზღება სიცოცხლე - არც სიკვდილი მახარებს,
მეფეები მონების მახეებში გავებით,
გავებით და დავნებდით და თავები დავხარეთ.
იარაღი დავყარეთ და დავკარგეთ იმედი,
საკუთარი თავის თუ ძმის, თუ დის, თუ სატრფოსი,
ამ გზით ჯოჯოხეთამდე, სატანამდე მივედით
და გამეფდა თვალებში დემონური პათოსი.
ჩვენ გვეძახდნენ მეფეებს და მონებად ვიქეცით,
ჩვენ უღელი დაგვადგეს სიმწირის და სიმცირის,
სიყვარული დავტოვეთ, ბოღმასთან გავიქეცით,
ის კი დგას და დაბოღმილ კაცუნებზე იცინის.
ერთგულება გაბოზდა და იმრუშა ღალატთან,
შვილად მტრობა ეყოლათ, სიძულვილის ნაყოფი,
სიძვა ისე აღზევდა, ძალას თუ არ დაატან,
კაცს ვერ ნახავ წესიერს, ერთი ქალით კმაყოფილს.
მეგობარი ვუწოდე ის აწოლში მიძვრება,
ძმა დამარქვა და მე კი სხვა სურვილი მაგიჯებს,
ჩვენი რწმენა ნაცრდება, იხრწნება და იწვება.
ვკაენობთ და ვბრუტუსობთ, სხვებს ვეძახით ნაბიჭვრებს.
ხევსურობას ვიჩემებთ ტიტულად და წოდებად,
სალოცავებს მივტირით, ვდასტურობთ და ვხუცესობთ,
ჯვრის-ყმებმა დავივიწყეთ ცოდვებისთვის გოდება,
ქალ-დიაცებს ვაცხოვრებთ უღმერთოდ და უწესოდ.
ვაჟას საფლავს ეძებდნენ მთა წმინდაზე ბიჭები,
დღეს დავეძებთ "რადისონს" "შანგრილას" და "ბუდა-ბარს,"
კაცობაში კი არა ყველაფერში ვიჭრებით,
არც ღვთის ჯვარცმამ გვიშველა, არც რისხვამ, არც მუდარამ.
ღვინით სავსე ქვევრებში, ანგელოზებს ვახრჩობთ და
მერე პროტესტს გამოვთქვამთ - ძალადობა შეჩერდეს!
განა შამქორის შემდეგ იმდენი დრო გამოხდა?
რომ საკუთარ მიწაზე, ჩენ ვიშენებთ მჩეთებს.
და ვამბობოთ, რომ ეს არის საუკუნის მიღწევა,
რომ ეს არის დემო- თუ იდიოტოკრატია,
როგორ, როგორ გავჩუმდე? სული როცა იწვება,
დედა არ მაპატიებს, შვილი არ მაპატიებს, ღმერთმა თუ მაპატია.
და ამგვარი ფიქრებით სანთელივით მივქრებით,
და ამგვარი აზრებით ყვავილივით დავზრებით,
და როდესაც ცის ნაცვლად შავ მიწაში ვიქნებით,
და როდესაც ცის ნაცვლად ქვა გვედება თავს ზევით,
მაშინ ცრემლი ამაო შეიქმნება - გოდებაც,
და როდესაც გავიგებთ ცოდვა ვისი შვილია,
მაშინ გაგვახსენდება, მაშინ მოგვაგონდება,
რომ ამ დამპალ სხეულზე - სული უფრო ტკბილია!
მეზიზღება სიცოცხლე - არც სიკვდილი მახარებს,
ბედნიერი დღეები მოგონებებს მიბარდა,
ვერ გამიგეს, ვერც მიცნეს, დამნტანჯეს და დამღალეს,

ყველამ ვისაც ვუყვარდი - ყველამ ვინც მე მიყვარდა!



სტატია მოამზადეს დათო არაბულმა და თეონა გიორგელაშვილმა

Thursday, June 6, 2013

რა მოხდა დღეს?


იმდენი ხანია მსოფლიო არსებობს, რომ, ცხადია, რთულად თუ მოიძებნება დღე, როცა დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი არაფერი მოხდა. 7 ივნისი ერთ-ერთია, რომელიც  გამოირჩევა ისტორიების სიუხვით.

  1.  1099 წლის 7 ივნისს დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა იერუსალიმზე.
  2.  1340 წელს 7 ივნისს ნიდერლანდში დაფუძნდა ქალაქი როტერდამი.
  3.  1498 წელს 7 ივნისს ქრისტოფერ კოლუმბი წავიდა მესამე მოგზაურობაში.
  4.  1654 წელს 7 ივნისს საფრანგეთში მეფედ აკურთხეს ლუი XIV.
  5.  1903 წელს 7 ივნისს ბერლინში, საფრანგეთის მეცნიერმა Pierre Curie-მ აღმოაჩინა ახალი ქიმიუეი ელემენტი polonium-ი.
  6.  1975 წელს 7 ივნისს კორპორაცია "სონიმ" წარმოადგინდა პირველი ვიდეოჩამწერი, რომლის ფასი გახლდათ 995$.
  7.  1960 წელს 7 ივნისს საუდის არაბეთში ქალებს განათლების მირების უფლება მიენიჭათ.
  8.  1919 წელს 7 ივნისს ნიუ-იორკში პირველად ჩატარდა წერილობითი ტესტები მართვის მოწმობის ასაღებად.
  9.  1929 წელს 7 ივნისს "Lateran" ხელშეკრულების დადგენით ჩამოყალიბდა ქალაქი ვატიკანი.
  10. 2008 წელს 7 ივნისს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში "Euro 2008 ".

2013 წლის 6 ივნისი - დღე მეორე

(ჩვენი საყვარელი ავტობუსი)
P.S. ამჟამად გაფუჭებული :(
  ბლოგზე პირველი დღის ემოციებით ისე დავიტვირთეთ, რომ ამ წუთამდე მოგვყვა. თქვენი თითოეული შემოხუნცულება კიდევ უფრო კარგ განწყობაზე გვაყენებს და ახალ-ახალ იდეებს გვაბადებინებს.
 დღეს ხუთშაბათია, ერთადერთი დღე, როცა ორი წიგნის ტარება გვიწევს, რათა ქალბატონი მანანა და ქალბატონი დოდო გავახაროთ (ისე 1 ქულასაც არ წერენ :/ ). 
 კიდევ ბატონ რეზოსთან გვქონდა ორი ლექცია, ამჯერად კრიტიკულ აზროვნებას გვიკითხავს, ციცერონზე ვისაუბრეთ. 
  10 ივნისს ოლიმპიადა ტარდება ინგლისურ ენაში, ჯგუფიდან რამდენიმე ჩავეწერეთ, შედეგებზე შემდეგ მოგახსენებთ.
  კიდეევ, სურათები გადავიღეთ! უნივერსიტეტის  ეზოში თუ გადაგავეყარეთ ხომ უნდა გვიცნოთ, გაიხსენოთ წინა დღეს რა ვიბოდიალეთ. 
მაშ ასე! 
 1) ბიჭი კუბოკრულ პერანგში - ლაშა დულარიძე, დაოჯახებული, ჰყავს ერთი შვილი.
2) გოგონა ძალზედ მომღიმარი სახით - ნათია პლაჭიაშვილი, დასაოჯახებელი.
3) ბიჭი განმგმირავი მზერით - დათო არაბული, ასევე დასაოჯახებელი.
4) გოგონა გრძელი თმით - თეონა გიორგელაშვილი, (თვითი - Tweety) დასაოჯახებელი.
5) გოგონა ხვეული თმით - ნინო ჩიკვაიძე, დასაოჯახებელი.
6) და ბოლოს, ჯგუფის მხიარულება - თიკა ლომსაძე, დააასაოჯახებელი.


რა თქმა უნდა, სულ ეს არ ვართ, თუმცა დღეისთვის ჩვენი დამახსოვრება ვიკმაროთ. 
  
P.S. დღეს, საღამოს ჩვენი გაცნობის ისტორიას მოგიყვებით :)

Wednesday, June 5, 2013

ქალი კივა!

დაპირებული ისტორია :)
 ჩვენს უნივერსიტეტში ძალიან საინტერსო ლექტორები ასწავლიან. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პროფესურა. 
   სულ რამდენიმე თვეა, რაც ძველ და შუა საუკუნეების ქართულ მწერლობას ქალბატონი სალომეა ყუბანეიშვილი გვიკითხავს. განსხვავებული ახსნის სტილით მან მალევე მოიპოვა სტუდენტების სიყვარული. გარდა ქართულ მწერლობაზე საუბრისა, ის ხშირად გვიყვება თავის ცხოვრებაზე. "ქალი კივა" სწორედ ცხოვრებისეული ისტორიებიდანაა.
მისი ნათესავი (იმერელი) დიდი ინტერესით წასულა ოპერის სანახავად, თუმცა მალევე გამოსულა დარბაზიდან და გაოცებულს უთქვამს: "ქალი კივა." რაც ნიშნავს, რომ საოპერო არია მან ქალის კივილად მონათლა. ქალბატონ სალომეს ძალიან უყვარს ამ ისტორიის მოყოლა და როდესაც ბლოგის სახელზე ბევრი, ძალიან ბევრი ვიკამათეთ, უცებ გაგვახსენდა ეს ფრაზა და მივხვდით, რომ ის ისე ახლოსაა ჩვენს ჯგუფთან, როგორც  -არაფერი! 

P.S. იმედია ქალბატონი სალომეა არ გვიწყენს და იუმორით მოეკიდება ჩვენს წამოწყებას. :)

მოგესალმებით ლოტკინიდან!

  ჩვენ ავედით ლოტკინზე! კიდევ სამი წელი და ჩამოვალთ, დანარჩენ თბილისში გავიფანტებით, ზოგი გაზეთში, ზოგი რადიოში, ზოგიც ტელევიზიაში შევდგამთ ფეხს და იქ ლოტკინზე ნასწავლს გადმოვაფრქვევთ.
 ჩვენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები ვართ. 2013 წლის 5 ივნისს, პირველი სასწავლო წლის მიწურულს, ერთ არაჩვეულებრივ, მზიან დღეს, ნამეტანი მოგვივიდა ცხელი მანათობელის ქვეშ წანწალი, დაგვცხო თავში სხივმა და ა! შედეგი! ბლოგი გავაკეთეთ. გადავწყვიტეთ ჩვენი უნივერსიტეტის თუ კონკრეტულად ჯგუფის ავ-კარგი ვირტუალურ სივრცეშიც ავსახოთ. იმედი გვაქვს მკითხველი, ან ისე, გზააბნეული სტუმარი არ მოგვაკლდება. ჩვენ ძალიან მხიარულები, ნიჭიერები, კომუნიკაბელურები, ცოტა ჭკუაშერყეულები და, რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარულში გაფურჩქნილები ვართ (ნუ, ვითომ, ვითომ). 2013 წლის 5 ივნისს ჩვენ დავიბადეთ ძალიან საინტერესო ბლოგზე, ასევე საინტერესო სახელით: ქალი კივა!
ჯგუფის ნომერია 308, სულ 34 ვართ, თუმცა, ცხადია, აქ ყველა ვერ ვიქნებით, სულ რომ არაფერი, განსხვავებულად ვფიქრობთ ყველა და აქ ვიქნებით მხოლოდ ისინი, ვისი ნაფიქრიც ერთმანეთთან ახლოსაა. ბევრ საინტერესო პოსტს შემოგთავაზებთ. იქნება სურათები, ჩვენი ყოველდღიური ყოფა, გამოცდების მტანჯველი კვირები და კიდევ ბევრი სიახლე, რაც ქართულ ბლოგსფეროს არ უნახავს.
P.S. მოგვიანებით ბლოგის სახელის ისტორიასაც აუცილებლად მოგიყვებით. :)